კომპონენტები, ინდექსში არსებული მაჩვენებლების შეფასება და ხვედრითი წილი
საქართველოს „მუნიციპალიტეტების ინდექსი“ მუნიციპალიტეტების საქმიანობას იკვლევს გარკვეული სფეროების, კატეგორიების და მაჩვენებლების მიხედვით.
თითოეული სფეროს, კატეგორიის და მაჩვენებლების რაოდენობა, ისევე როგორც თითოეული მათგანის ხვედრითი წონა განისაზღვრება ექსპერტულად და შესაძლოა შეიცვალოს წლიდან-წლამდე
კვლევა ეფუძნება 3 სფეროს, 11 კატეგორიას და ჯამში 148 მაჩვენებელს.
მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის
76 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ადექვატურად ემსახურება მუნიციპალიტეტი მოსახლეობას
მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის
29 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტი მეწარმეობას
მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა
43 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტი
თითოეული სფერო ფასდება დამოუკიდებლად.
მიღებული შედეგების საფუძველზე ხდება მუნიციპალიტეტების საქმიანობის ინდექსირება და დგება საერთო რეიტინგი.
კატეგორიების მიხედვით მაჩვენებლების ჩამონათვალი და თითოეულის ხვედრითი წონა მოცემულია კითხვარში (იხ. დანართი: საქართველოს თვითმართველობის ინდექსის კითხვარი).
ნიშნების განმარტება
თითოეული კითხვის შეფასების პრინციპის განსამარტავად გამოყენებულ ნიშნებს შემდეგი დატვირთვა აქვს:
“Y/N” ნიშანი ნიშნავს რომ არსებობს ორი შესაძლო პასუხი - დიახ/Y, როგორც დადებითი პასუხი ან არა/N, როგორც უარყოფითი პასუხი.
ნიშანი „N↑“ მიანიშნებს, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასება მაღალია;
ნიშანი „Y↑“ მიანიშნებს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასება მაღალია.
ნიშანი „N“ გულისხმობს, რომ შეფასება რაოდენობრივი ხასიათისაა;
ნიშანი „₾“ გულისხმობს, რომ შეფასება თანხობრივად ხდება;
ნიშანი „%“ , რომ შეფასება ფარდობითი ხასიათისაა.
ნიშანი “↓↑” მიუთითებს, რომ რაც უფრო დაბალია რაოდენობრივი, თანხობრივი ან ფარდობითი მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასება;
ნიშანი “↑↑” მიანიშნებს, რომ რაც უფრო მაღალია რაოდენობრივი, თანხობრივი ან ფარდობითი მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასება.
გაზომვის წესი და შესაბამისი ქულები
ფარდობითი მაჩვენებლები 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 0, მიღებული პასუხებიდან, უარესი, ხოლო 100 - საუკეთესო შეფასებაა.
დადებითი და უარყოფითი პასუხების გაცემის აუცილებლობის შემთხვევაში, დადებითი პასუხი ფასდება 100, ხოლო უარყოფითი - 0 ქულით.
ინდექსის რაოდენობრივი მაჩვენებელები შემდეგი ფორმულით იანგარიშება
(მაჩვენებლის შეფასება= (მაქსიმუმი-მიღებული შეფასება)/(მაქსიმუმს -მინიმუმი) ×100)ქულა
იმ შემთხვევაში, როცა უფრო დაბალი ქულა ნიშნავს მუნიციპალიტეტის საქმიანობის უფრო მაღალ შეფასებას მოცემულ საკითხში (↓↑).
(მაჩვენებლის შეფასება= (მიღებული შეფასება-მინიმუმი)/(მაქსიმუმს -მინიმუმი) ×100)ქულა
იმ შემთხვევაში, როცა უფრო მაღალი ქულა ნიშნავს მუნიციპალიტეტის საქმიანობის უფრო მაღალ შეფასებას შეფასება მოცემულ საკითხში (↑↑).
სადაც მინიმუმი ნიშნავს ყველაზე დაბალ შეფასებას, ხოლო მაქსიმუმი - ყველაზე მაღალ შეფასებას.
ერთსა და იმავე სფეროში მაჩვენებლებს თანაბარი ხვედრი წილი აქვთ.
მაჩვენებლების შეფასებისას მინიჭებული ქულები ცალკეული სფეროების მიხედვით ჯამდება, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტს მიენიჭება ქულა ცალკეული სფეროების მიხედვით, სადაც მინიმალური მაჩვენებელია 0, ხოლო მაქსიმალური - 100.
ინდექსი გამოითვლება თითოეული სფეროს ქულის გამრავლებით შესაბამისი სფეროს ხვედრით წილზე და ამრიგად მიღებული შედეგების შეკრებით, რაც წარმოადგენს თითოეული მუნიციპალიტეტის ჯამურ ქულას.
აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით, საბოლოოდ გამოიყენება კომბინირებული ფორმულა.
აღნიშნულ გათვლებს მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელებს კვლევის საორგანიზაციო ჯგუფი.
მონაცემების არ ქონის შემთხვევის ინტერპრეტაცია
მუნიციპალიტეტებს მოეთხოვებათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება დადგენილი ვადებში.
იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს გარკვეულ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც უნდა გაკეთდეს შეფასებები, შესაბამის მაჩვენებლებში მუნიციპალიტეტს ყველაზე დაბალი ქულა მიენიჭება.
ასეთ შემთხვევაში ყველაზე დაბალი ქულის მინიჭება მიზანშეწონილია რადგან მონაცემების წარმოდგენაზე თავის შეკავება მუნიციპალიტეტის საქმიანობის საჯაროობის მოთხოვნის დარღვევა და გამჭვირვალობის ნაკლებობის ნიშანია.
მუნიციპალიტეტის შეფასებაში გარკვეული მაჩვენებლების გათვალისწინებაზე უარი თქმა
შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული მაჩვენებლების გამოყენებაზე უარის თქმა, თუკი მუნიციპალიტეტების 2/3-ს სათანადო ცნობები არ მოიპოვება.
მონაცემთა წყაროები
მონაცემები მოპოვებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტებიდან და შედარდეს იუსტიციის სახლებიდან, საჯარო რეესტრიდან, ფინანსთა სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, სტატისტიკის დეპარტამენტის და სხვა დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აღიარებული პრინციპიდან გამომდინარე.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია არ ექვემდებარება დამოუკიდებელ რევიზიას, რადგან გულისხმობს სათანადო პასუხისმგებლობას სიზუსტეზე. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის მიმართ გაჩენილი შენიშვნები, გადასამოწმებლად გადაეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტს.
მუნიციპალიტეტების მხრიდან დათქმულ ვადებში წარმოდგენილი წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები განხილული იქნება კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და გაზიარების შემთხვევაში აისახება მიმდინარე კვლევაში.