„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ (აესკო) ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლიდან საქმიანობს, ხოლო 2003 წლის აპრილიდან გააჩნია იურიდიული რეგისტრაცია და საგადასახადო კოდი # 200089947.

ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს კვლევით პროექტს სახელწოდებით - საქართველოს „მუნიციპალიტეტების ინდექსი“. პროექტი 2015 წელს განხორცილდა და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტმა. მუნიციპალიტეტების ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით პროექტის საპილოტე ვარიანტის წარმატებით განხორციელება, 2016-17 წწ. ჩვენ ასევე წარმატებით განვახორციელეთ ინდექსი 12 თვითმმართველ ქალაქში. 2017 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული“ ცვლილებების შესაბამისად 2018 წელს ჩვენი ინდექსი კვლავ დასახელებული 5 თვითმმართველი ქალაქის მონაცემებს დაეყრდნო, მიმდინარე 2019 წელსაც ქალაქების შერჩევის იგივე წესს ვიყენებთ.

„მუნიციპალიტეტების ინდექსზე“ მუშაობა „აესკოს“ ინიციატივითა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყო, 2016 წლიდან კი, ჩვენი პროექტის მთავრი პარტნიორები გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი და ამერიკული ატლასის საერთაშორისო ქსელია.
ინფორმაციისთვის: მსგავსი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ლიტვაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის“ (http://en.llri.lt/) მიერ, რომლის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი რემიგიუს შიმაჩუსი 2015 წლიდან ვილნიუსის არჩეული მერია.

„მუნიციპალიტეტების ინდექსი“ გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ და შევადაროთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.

ჩვენი ამოცანაა ინდექსი ვაქციოთ თვითმმართველობის სრულყოფის მექანიზმად, მისი გაუმჯობესების გზამკვლევად.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ სუბსიდიარობის პრინციპით. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობა რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგეს თითოეულ მოქალაქესთან და უშუალოდ ემსახურებოდეს მის ინტერესებს. თვითმართველობა უნდა იყოს იქ, სადაც არ არის საკმარისი ინდივიდუალური ძალისხმევა. ამავდროულად, ის გზას არ უნდა უჭრიდეს და არ უნდა ანაცვლებდეს კერძო ინიციატივას, აფერხებდეს სამეწარმეო კონკურენციას. თვითმმართველობა უნდა იყოს გარანტი, რომ ყველა, მათ შორის ყველაზე რთული პრობლემების გადაწყვეტაში, რაც შეიძლება მეტი კერძო პირი და ინსტიტუტი ჩაერთოს.

თვითმმართველობების შეფასება ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით და სტატისტიკით ხელმისაწვდომ და გაზომვად მაჩვენებლებს.

ამ ეტაპზე შევისწავლით და კვლევაში ვრთავთ 5 თვითმმართველ ქალაქს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. შემდოგმ ეტაპზე, 2020 წლიდან, კვლევა გაიყოფა ორ მიმართულებად და გავრცელდება დანარჩენ მუნიციპალიტეტებზეც.

დაგეგმილი სამუშაო სამ ეტაპად იყოფა:
• პირველი გულისხმობს მაჩვენებლების შერჩევას, კითხვარის და მეთოდოლოგიის მომზადებას და დახვეწას;
• მეორე - კითხვარის და მეთოდოლოგიის გაგზავნას მუნიციპალიტეტებში და მისი შევსებას საკონტაქტო პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
• მესამე - ინფორმაციის მიღებას, ანალიზს, მოხსენების მომზადებას და შედეგების გავრცელებას.

კითხვარი და მეთოდოლოგია შედგენილია ლიტვაში განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელის ბატონ ვიტაუტას ჟუკაუსკასის და მუნიციპალიტეტებში მუშაობის უდიდესი გამოცდილების მქონე ქართველ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მხარდაჭერით.