2020 წელს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა გაიყო 2 მიმართულებით. შედეგად, ინდექსის კვლევა 5 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მუნიციპალიტეტის გარდა საქართველოს ყველა რეგიონის 20 თვითმმართველი თემის სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტის მუშაობის ეფექტიანობის გაზომვას დაეფუძნა. როგორც საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში, ისე მათ უფლებამოსილების გარეთ არსებული, მაგრამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აუცილებელი, მათი საცხოვრებელი გარემოს მონიტორინგის და მასზე რეაგირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტი.
„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსზე“ მუშაობა „აესკოს“ ინიციატივითა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყო, 2016 წლიდან კი, ჩვენი პროექტის მთავრი პარტნიორი გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი და ამერიკული ატლასის საერთაშორისო ქსელი გახდა.
„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.
კვლევის ამოცანა არის ინდექსი იქცეს თვითმმართველობის სრულყოფის მექანიზმად საქართველოში, მისი გაუმჯობესების გზამკვლევად.
კვლევა ხელმძღვანელობს სუბსიდიარობის პრინციპით[1]. შესაბამისად, თვითმმართველობა რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგეს თითოეულ მოქალაქესთან და უშუალოდ ემსახურებოდეს მის ინტერესებს. თვითმართველობა უნდა იყოს იქ, სადაც არ არის საკმარისი ინდივიდუალური ძალისხმევა. ამავდროულად, ის გზას არ უნდა უჭრიდეს და არ უნდა ანაცვლებდეს კერძო ინიციატივას, არ უნდა აფერხებდეს სამეწარმეო კონკურენციას. თვითმმართველობა უნდა იყოს გარანტი, რომ ყველა, მათ შორის ყველაზე რთული პრობლემების გადაწყვეტაშიც კი, რაც შეიძლება მეტი კერძო პირი და ინსტიტუტი ჩაერთოს.
საქართველოს თვითმმართველობების განსხვავებული სტატუსების მქონე მუნიციპალიტეტების შეფასება ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით და სტატისტიკით ხელმისაწვდომ და გაზომვად მაჩვენებლებს.
2020 წლიდან, კვლევა გაიყო ორ მიმართულებად და ვრცელდება 20 თვითმმართველი თემის სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტზე და 5 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მუნიციპალიტეტზე.
დაგეგმილი სამუშაო განხორციელდა სამ ეტაპად:
პირველი გულისხმობდა მაჩვენებლების შერჩევას, კითხვარის და მეთოდოლოგიის მომზადებას და დახვეწას, როგორც მუნიციპალიტეტების შერჩევის და მათზე კვლევის ინსტრუმენტების მორგების, ისე თვითმმართველი ქალაქების ყოველწლიური ადაპტირების კუთხით.
მეორე - კითხვარი და მეთოდოლოგია მუნიციპალიტეტებში გაიგზავნა შესაბამისი ვადების დაცვით და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთკავშირის ფარგლებში.
მესამე - ინფორმაციის მიღება, ანალიზი, მოხსენების მომზადება და შედეგების გავრცელება ასევე შესაბამისი წესების და ვადების დაცვით მოხდა..
კითხვარი და მეთოდოლოგია შედგენილია ლიეტუვაში, თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის[2] მიერ განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელის ბატონ ვიტაუტას ჟუკაუსკასის და მუნიციპალიტეტებში მუშაობის, ასევე თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე დიდი გამოცდილების მქონე ქართველ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მხარდაჭერით.
[1] „სუბსიდიარობა“ ლათინური სიტყვაა (Subsidium) და ნიშნავს ხელშეწყობას, დახმარებას. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა სამხედრო ტერმინოლოგიაში და აღნიშნავდა იმ საბრძოლო ნაწილებს, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ებმებოდნენ ბრძოლაში. სუბსიდიარობის პრინციპის მოქმედების არეალი საკმაოდ ვრცელია. იგი ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო გაერთიანებებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე. სუბსიდიარობის პრინციპს მრავალი ასპექტი აქვს. გამოსაყოფია - „სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი საზოგადოებრივი ურთიერთობათა რეგულირებისაგან და როგორც „სათადარიგო მოთამაშე“ უნდა ჩაერიოს მხოლოდ იქ, სადაც იქნება მოთხოვნა დახმარებაზე.
აქედან გამომდინარე, სუბსიდიარობა თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც უფლება-მოვალეობების განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან.
და ბოლოს, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ I თავის, მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით ადგილობრივი მმართველობა უნდა განხორციელდეს სუბსიდიარობის პრინციპით.
[2] მსგავსი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ლიტვაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის“ მიერ, რომლის ყოფილი პრეზიდენტი რემიგიუს შიმაშუსი 2015 წლიდან ვილნიუსის არჩეული მერია.